ინტერვიუტრენერებიფიტნესი

კონსტანტინე კალანდაძე: ვარჯიშისას დაშვებული ყველაზე ხშირი შეცდომები

დღეს Fit.Ge-ს რუბრიკის სტუმარია ცნობილი ქართველი ფიტნეს ტრენერი და მწვრთნელი – კონსტანტინე კალანდაძე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია პერსონალურ ვარჯიშებს ატარებს თბილისის მოწინავე ფიტნეს დარბაზებში. მისი დახმარებით არაერთმა ადამიანმა მიაღწია სასურველ მიზანს.

კონსტანტინე მის პრაქტიკაში დაშვებულ ყველაზე ხშირ შეცდომებსა და შეხედულებებზე გვესაუბრა.

რა თქმა უნდა, სპორტდარბაზში სიარულისას თქვენგან ყოველი მოქმედების იდეალურად შესრულება არ მოითხოვება, თუმცა აუცილებელია იცოდეთ, როგორ ივარჯიშოთ ისე, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ.

კარგმა ტრენერმა აუცილებლად უნდა მიგითითოთ, როცა ხედავს, რომ თქვენი მოქმედებებით შესაძლოა რამე დაიზიანოთ.

ეს არის იმ მნიშვნელოვანი შეცდომების ჩამონათვალი, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება სპორტდარბაზში ვარჯიშისას:

შედეგი იმავე დღეს

ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, „მინდა გამოვიყურებოდე ასე“, თუმცა სინამდვილეში ისინი არ ფიქრობენ, რამდენი ენერგია, შრომა და ძალისხმევა სჭირდება ამის მიღწევას. – ამბობს კონსტანტინე.

ცნობილი ადამიანები და ათლეტები თავდაუზოგავად ვარჯიშობენ, იკვებებიან სწორად განსაზღვრული დიეტის შესაბამისად, საათობით ვარჯიშობენ, რათა სასურველ შედეგს მიაღწიონ. მათ მუდმივად ახსოვთ თავიანთი გეგმები.

იმის ნაცვლად, რომ მოტივაცია დაკარგოთ, როცა ერთი თვის ვარჯიშის შემდეგ სასურველ შედეგს ვერ ნახავთ, უმჯობესია მთელი ყურადღება სამომავლო გეგმებისა და ცვლილებებისაკენ მიმართოთ.

თითქმის ყოველი მეორე ადამიანი ფიქრობს, რომ სასურველ შედეგს 1 კვირაში მიაღწევს, როცა ასე არ ხდება, მათ ვარჯიშის სურვილი უქრებათ.

გაფანტული ყურადღება

კონსტანტინე კალანდაძე ამბობს რომ ტელეფონი ჩვენი შედეგის მთავარი მტერია.

თუ გავითვალისწინებთ ტექნოლოგიების განვითარებას, ჩვენ ყოველდღიურად ძალიან დიდ დროს ვატარებთ მობილურისა, თუ სხვა მოწყობილობის გამოყენებაში, თუმცა აუცილებელია შევწყვიტოთ ეს ვარჯიშის დროს.

ასევე ნახეთ:  Lion Fitness PRO - ახალი უმაღლესი დონის დარბაზი თბილისში

არ უპასუხოთ შემოსულ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს და სრულად კონცენტრირდით ვარჯიშზე.

ვარჯიშის შეწყვეტა არასდროს არის კარგი, რადგან ამ დროს ცხიმების დაწვის პროცესში იმყოფებით , რაც ავტომატურად ფერხდება, როგორც კი ვარჯიშს წყვეტთ და სხვა რამეზე გადაიტანთ ყურადღებას.  

შეუცვლელი სავარჯიშო პროგრამა

“დარბაზში ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომელიც ყოველთვის ერთი პროგრამით ვარჯიშობენ, ჩვენი სხეული ჭკვიანია, იგი ეჩვევა რუტინულ ვარჯიშს და აღარ რეაგირებს მასზე.

ასე რომ, უმჯობესია, თუ შეცვლით ვარჯიშის სტილს და მუდმივად ერთიდაიმავე მოქმედებებს არ განახორციელებთ.  შეგიძლიათ შეცვალოთ მოქმედებების რაოდენობაც, პერიოდი და ა.შ. აუცილებელია რაღაც პერიოდულობით ცვალოთ პროგრამა სრულად ან ნაწილობრივ” – ამბობს კონსტანტინე.

კონსტანტინეს თქმით, მის მოსწავლეებს საკმაოდ ხშირად უცვლის სავარჯიშო პროგრამა პროგრესის მიხედვით. “ზოგისთვის სხეულის კონკრეტული კუნთის და ნაწილის განვითარება უფრო მარტივია, ვიდრე სხვებისთვის. ეს საკმაოდ ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის გენეტიკაზე.

ასეთ დროს ტრენერის მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რადგან ის უკეთ ხედავს თქვენი სხეულის პროგრესს და ცვლილებებს ამის მიხედვით ახორციელებს”.

გახურება

სერიოზული ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებელია გახურდეთ. არასდროს გამოტოვოთ ეს იმ მიზნით, რომ მეტი დრო დაუთმოთ ვარჯიშს.

გახურების პროცესი გეხმარებათ თქვენი სხეულის ვარჯიშისადმი განწყობისათვის, ამ დროს ხურდება თქვენი კუნთები, რაც დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ   ვარჯიშის დროს სხეულის დაზიანების რისკიც.

თუ სწორად გახურდებით, ეს დაგეხმარებათ ვარჯიშის პროცესის გაუმჯობესებაში, მიუხედავად იმისა აკეთებთ კარდიოვარჯიშებს, თუ  სიმძიმეებს წევთ.

სიმძიმეების აწევას, თუ გაუხურებელი კუნთებით დაიწყებთ, ეს უარყოფითად აისახება თქვენს სხეულზეც – შესაბამისად, ვარჯიშის ხარისზეც.

ასევე ნახეთ:  საუკეთესო ვარჯიში, როცა მხოლოდ 30 წუთი გაქვთ

ასე რომ, საკმარისად გახურდით, ვიდრე ვარჯიშს დაიწყებდეთ.

სწრაფად ვარჯიში

რა თქმა უნდა, შესაძლოა გსურდეთ სწრაფად ივარჯიშოთ და ბევრი  დრო არ დახარჯოთ ყოველდღიურად სხვადასხვა მოქმედებების შესრულებაზე, თუმცა ეს თქვენს ვარჯიშს უფრო ნაყოფიერს არ გახდის.

ვარჯიშისას მთლიანად უნდა კონცეტრირდეთ მოძრაობებზე, არ აიძულოთ თავი უფრო სწრაფად განახორციელოს ესა თუ ის მოქმედება.

უარი ტრენერს

“სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა დარბაზში პირველად მოსულ ადამიანებს ჰგონიათ რომ ყველაფერი იციან და არ უსმენენ ტრენერს, რომელიც მათ შეცდომებზე მიუთითებს”.

კონსტანტინე გირჩევთ, რომ აუცილებლად შეადგენინოთ პირველადი უფასო პროგრამა დარბაზის მწვრთნელს, ან საუკეთესო შემთხვევაში ერთი თვით მაინც აიყვანოთ პერსონალური ტრენერი, რომელიც ყველა ვარჯიშს სათითაოდ აგიხსნით, შემდეგ კი დამოუკიდებლად გააგრძელებთ ვარჯიშს.

შიმშილი და არასწორი კვების რაციონი

“როცა ჩემთან ვარჯიშს იწყებენ, ხშირია შეკითხვა გაუძლებენ თუ არა შიმშილს და მკაცრ დიეტას. ყველას უკვირს, როცა ვეუბნები რომ საერთოდ არ მოშივდებათ იმდენად ბევრის ჭამა მოუწევთ. მთავარია რას ჭამთ და არა რამდენს” – ამბობს კონსტანტინე.

კიდევ ერთი შეცდომა, რომელიც კვებას უკავშირდება, ვარჯიშის შემდგომი კვებაა.

ხშირად ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ თავს პიცით “ინუგეშებენ” ხოლმე, რაც მაშინვე წყალში ყრის მთელი ვარჯიშის პროცესს.

ვარჯიშის შემდგომი კვება ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ძალიან გშივდებათ, თან გქონდეთ ბანანი ან პროტეინ ბარი, რომელიც შიმშილს მოგიკლავთ და კვების დარღვევაზე არ გაფიქრებინებთ.

კონსტანტინე კალანდაძე ამჟამად ოკტოპუსის ფიტნეს კლუბში ატარებს პერსონალურ ვარჯიშებს. შეგიძლიათ მოიწონოთ მისი გვერდი ფეისბუქზე და დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ.

ასევე ნახეთ:  რა ღირს ვარჯიში თბილისში?

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ კონსტანტინე კალანდაძე ადგენს ჩვენი საიტის მეშვეობით სწორი კვებისა და ვარჯიშის პროგრამებს, რომელიც უკვე არაერთ ადამიანს დაეხმარა სასურველი შედეგის მიღწევაში.

This slideshow requires JavaScript.