ინტერვიუტრენერებიფიტნესი

მიშა ანდღულაძე – რჩევები ნავარჯიშები სხეულისთვის

დღეს Fit.Ge-ს ცნობილი ფიტნეს ტრენერი  – მიშა ანდღულაზე ესაუბრა. მიშა ამჟამად სნეპ ფიტნესში ატარებს პერსონალურ ვარჯიშებს.

როდის და როგორ დაიწყეთ ვარჯიში? 

10 წლიდან დავიწყე ვარჯიში. თავდაპირველად ვვარჯიშობდი სახლის პირობებში, შემდგომ, როდესაც ამ სპორტმა მეტად გამიტაცა და დამაინტერესა, გადავწყვიტე უფრო სერიოზულად მომეკიდა ხელი.

ამგვარ გადაწყვეტილებაზე გარკვეულწილად მშობლებმაც იქონიეს გავლენა, ჩემი მონაცემებიდან გამომდინარე მათ მირჩიეს დავკავებულიყავი სპორტით პროფესიონალურ დონეზე. 12 წლიდან კი, სერიოზულად დავიწყე ვარჯიში სპორტულ დარბაზში.

აქვე მინდა დავამატო, რომ ეს ხდებოდა 90-იან წლებში და სპორტსმენები არ ვიყავით განებივრებული ისეთი სავარჯიშო პირობებით, როგორც მაგალითად დღეს, როდესაც ჩვენ გვაქვს თანამედროვე და კომფორტით უზრუნველყოფილი სპორტდარბაზების ფართო არჩევანის საშუალება.

სამწუხაროდ, მიჭირს გავიხსენო, თუ რა ხდებოდა 10 წლამდე სანამ დავიწყებდი ვარჯიშს, რადგან ასაკით საკმაოდ პატარა ვიყავი და ეს ზუსტად ის შემთხვევაა, რაზეც ხუმრობით შემიძლია ვთქვა, რომ „რაც თავი მახსოვს, სულ ვვარჯიშობ!“

რაც შეეხება თავად ამ სპორტს, ეს არის საქმიანობა, რომელიც მთლიანად ცვლის ადამიანს.

ცვლილებები არ არის მხოლოდ ფიზიკური, ყალიბდება პიროვნების მტკიცე ხასიათი, რასაც საფუძვლად უდევს წლობით გამომუშავებული ნებისყოფა და პასუხისმგებლობის გრძნობა. თავდაჯერებულობა და მიზანდასახულობა უდევს საფუძვლად ყოველ წარმატებას, რაც უკეთესი შედეგების საწინდარია ყოველ ჯერზე.

ამ სფეროში რაც მეტი მიღწევა აქვს სპორტსმენს, მით მეტი ადამიანი სცემს პატივს და უყურებს იმედის თვალით. შესაბამისად, სპორტსმენებს არ გვაქვს მოდუნების უფლება და საშუალება, ჩვენი მიზანია არა მხოლოდ საკუთარი პირადი წარმატების მიღწევა, არამედ ჯანმრთელი და ძლიერი მომავალი თაობების აღზრდა.

თქვენი აზრით, რა არის ყველაზე ჯანსაღი და თან გემრიელი საკვები?

ჯანსაღი საკვები, რამდენადაც ის გაჯერებულია საჭირო ვიტამინებით და შემადგენლობით, იმდენად სიგემრიელით დიდად არ გამოირჩევა.

ხშირად მოსაბეზრებელიც ხდება, თუ ყოველდღიურად გვიწევს მსგავსი საკვების მიღება. ჯანსაღი კვების გარეშე კი სასურველი შედეგების მიღწევა შეუძლებელია.

ასევე ნახეთ:  6 ცვლილება, რომლებშიც გარეთ ვარჯიში დაგეხმარებათ

დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ მოვამზადებთ მას და შესაბამისად, ნებისმიერი ჯანსაღი საკვები შეგვიძლია მოვამზადოთ გემრიელად!

ყველაზე მეტად რომელი კუნთის ვარჯიში გიყვართ?

რა თქმა უნდა, ყველა სპორტსმენს შეიძლება ჰქონდეს მისთვის რამდენიმე საყვარელი კუნთის ვარჯიშები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი სავარჯიშო პროგრამა შედგება მხოლოდ საყვარელი ვარჯიშებისგან.

აქედან გამომდინარე, თუ შედეგებზე და პროფესიონალიზმზე ვსაუბრობთ, რთულია დავასახელო რომელიმე კუნთის ვარჯიში გამორჩეულად. შედეგზე დამყარებული მუშაობა გულისხმობს იმას, რომ საჭიროა მეტად ვავარჯიშოთ ის კუნთები, რომლებიც ნაკლებ განვითარებულია და ჩამორჩენილი.

მაგალითად მე, როდესაც ვუყურებ სარკეში ჩემს თავს ვაკვირდები თუ რომელი კუნთი საჭიროებს მეტ ვარჯიშს და შემდეგ იმ კუნთს ვამუშავებ მეტი დატვირთვით. ეს არის პროცესი, რომელიც ყველაზე მეტ სიამოვნებას მანიჭებს და მაკმაყოფილებს, რადგან შედეგად იმ კონკრეტული კუნთის განვითარებას და გაზრდას ვუწყობ ხელს, რომელიც საერთო სურათისთვის მეტად მომგებიანია.

რა დროს უთმობთ კარდიო ვარჯიშებს და რომელ მათგანს ანიჭებთ უპირატესობას?

ვარჯიშის წინ, როგორც წესი, კარდიო ტრენაჟორს ვიყენებ გასახურებლად, მათ შორის: გულის კუნთების, სხეულის, მყესების, მუხლების და ა.შ.

ხოლო ვარჯიშის დასრულების შემდეგ კარდიო ტრენაჟორს ვიყენებ იმისთვის, რომ დაწყნარდეს აჩქარებული გულის ცემა, დარეგულირდეს სისხლის მიმოქცევა და ამოქმედდეს ცხიმის წვა.

რა დევს თქვენს მაცივარში?

ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მაცივარში ყოველთვის დევს ჯანსაღი საკვები, როგორც მაგალითად: ცილოვანი პროდუქტი, ეს შეიძლება იყოს ქათმის ხორცი, თევზი, ხაჭო და კვერცხი, ასევე სალათის ფურცლები, ბოსტნეული, ხილი, ნატურალური წვენები და სხვა.

როგორია თქვენი სავარჯიშო პროგრამა?

ჩემი სავარჯიშო პროგრამა იყოფა 2 ნაწილად. პირველი, როდესაც არ ვემზადები შეჯიბრისთვის თუ სხვა რაიმე ღონისძიებისთვის, ვვარჯიშობ კვირაში სამჯერ, რაც სრულიად საკმარისია. ხოლო მეორე, როდესაც ვემზადები შეჯიბრისთვის ან სხვა რაიმე ღონისძიებისთვის, მეტი დატვირთვა მაქვს და შესაძლებელია ყოველდღე, დღეში ორჯერაც ვივარჯიშო.

ასევე ნახეთ:  რა უნდა მიირთვათ ვარჯიშამდე?

მოგეხსენებათ, რომ ბოდიბილდინგი ნიშნავს სხეულის მშენებლობას.

პირველ რიგში, ყურადღება ეთმობა ყველა იმ კუნთს, რომელიც ჩამორჩენილია ან ნაკლებ განვითარებულია და საჭიროებს მეტ ვარჯიშს. აქედან გამომდინარე, პროგრამა დგება იმის მიხედვით, თუ რომელი კუნთი მეტი მნიშვნელობისაა და რომელი საჭიროებს მეტ კონცენტრაციას, რაც ასევე არ გამორიცხავს სხვა დანარჩენი კუნთების ვარჯიშის აუცილებლობას.

შესაბამისად, კუნთები იყოფა ორ ჯგუფად: განვითარებული და ნაკლებ განვითარებული. კუნთები, რომლებიც ნაკლებ განვითარებულია, საჭიროებს კვირაში მინიმუმ ორჯერ ვარჯიშს, ხოლო მეტად განვითარებული კუნთებისთვის კვირაში ერთჯერ ვარჯიშიც საკმარისია.

საკვები, რომელსაც მიირთმევთ დიეტისგან თავისუფალ დღეებში

მაქსიმალურად ვცდილობ არ დავარღვიო სწორი კვება და არ ამოვვარდე ფორმიდან, თუმცა პერიოდულად განტვირთვის დღეებიც აუცილებელია.

ასეთ დღეებში ვცდილობ მივიღო მეტი სახეობის და რაოდენობის ხილი, ვინაიდან ხილი შეიცავს ვიტამინებს და ბუნებრივ შაქარს, რაც ორგანიზმისთვის აუცილებელია გარკვეული დოზით.

ასევე მივირთმევ თაფლს, სხვადასხვა გამოწურულ წვენებს და სხვა.

რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია?

მოტივაციას შეადგენს ჩემი ცხოვრების ყოველდღიური მომენტები, თუნდაც ყველაზე მარტივი და უბრალო, როგორიც დილით სარკეში საკუთარი თავის შეთვალიერებაა.

როდესაც ხედავ, რომ სასურველ ფიზიკურ ფორმაში ხარ შედეგად განიცდი გარკვეულ კმაყოფილებას და ბედნიერებას.

ასეთ დროს იმედდები, რომ თუ მეტ შრომას და ნებისყოფას ჩადებ შენს საქმეში (ამ შემთხვევაში ვარჯიშში) უკეთეს შედეგებსაც მიიღებ.

რაც შეეხება გარემოცვას, ყოველთვის შესამჩნევია, როდესაც ადამიანი უვლის თავს და კარგ ფორმაშია. ბევრი დაინტერესებულა სპორტით თუნდაც იმ მიზეზით, რომ ამ სფეროში მოღვაწე ვინმე კონკრეტული სპორტსმენი გამხდარა მისთვის სტიმული და მისაბაძი.

მსგავსი სპეციალობა სულ მოდაში იქნება და ხალხის ინტერესს წარმოადგენს, რადგან არამხოლოდ ფიზიკური მონაცემების დახვეწასა და გაუმჯობესებაზეა საუბარი, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთგვარი პროპაგანდაა.

ასევე ნახეთ:  5 მიზეზი, თუ რატომ არ გაზრდის მძიმე წონით ვარჯიში თქვენს მოცულობას

რა რჩევებს მისცემდით მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, რომ გამოიყურებოდნენ კარგად?

განურჩევლად სქესისა, საჭიროა ნებისმიერი ადამიანი იყოს სპორტით დაკავებული რა დოზითაც მას ხელს უწყობს მისი ჯანმრთელობა და ფიზიკური მონაცემები.

ქალბატონებს რაც შეეხებათ, სასურველია სხეულის ყველა კუნთი იყოს ტონუსში და ნამუშევარი, მათ შორის უნდა გამოიკვეთოს: ძლიერი წელი, ზურგი, ამოწეული გულმკერდის დიაფრაგმა, რაც განაპირობებს მკერდის ფორმასა და სილამაზეს, ნორმალურად განვითარებული ფეხები, თეძოები და რა თქმა უნდა, დუნდულა კუნთები.

ხშირად ქალბატონებს ახასიათებთ მხოლოდ დუნდულა კუნთების ვარჯიში და სხეულის სხვა ნაწილების უგულვებელყოფა, რაც არასწორი მიდგომაა.

აუცილებელია, რომ ქალის სხეული იყოს სრულად განვითარებული და ჩამოყალიბებული, რაც სხეულის ყველა კუნთის გეგმიური ვარჯიშის შედეგი შეიძლება იყოს და არა ერთი ან ორი ცალკეული კუნთის.

ქალბატონებს ვურჩევ, რომ აიყვანონ პირადი ფიტნეს ინსტრუქტორი, რომელიც მათ დააკვალიანებს სწორად და შეუდგენს ინდივიდუალურ სავარჯიშო პროგრამას, თავისი კვებით და გასათვალისწინებელი სხვა ნიუანსებით.

დამოუკიდებლად ვარჯიშს, მითუმეტეს პირველად თუ სტუმრობთ სპორტდარბაზს, ხშირად მძიმე შედეგები მოაქვს, შესაძლებელია მიიღოთ სხვადასხვა სახის დაზიანებები და ტრამვები, რაც ჯანმრთელობისათვის საზიანოა და ამავე დროს შესაძლებელია კუნთები განავითაროთ არასწორად და ულამაზოდ.

ვარჯიშები უნდა იყოს აუცილებლად სისტემური და მუშავდებოდეს ყველა კუნთი, ასევე ყურადღება უნდა დაეთმოს სწორი კვების წესების დაცვას, რაც ინსტრუქტორის მეთვალყურეობის ქვეშ კონტროლირებადია.

სასურველი შედეგების მისაღწევად არ შეიძლება საკმარისი იყოს მხოლოდ ის ფაქტი, რომ აბონემენტი შეიძინეთ და რამდენჯერმე ესტუმრეთ დარბაზს.

მამრობითი სქესის წარმომადგენლებს?

ქალბატონების მსგავსად მამრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის რჩევები იდენტურია და არავითარი განსხვავება არ აღინიშნება.

ორიოდე სიტყვით: დისციპლინა, ყურადღება, მოტივაცია, სწორი ვარჯიში, სწორი კვება, ინსტრუქტორის რჩევების გათვალისწინებადა ა.შ.

This slideshow requires JavaScript.