ფიტნეს დღიურები

ფიტნეს დღიური: რატომ გვჭირდება პირადი მწვრთნელი?

მე ვარ ანა და გადავწყვიტე  მომდევნო 12 კვირა დავუთმო ვარჯიშს, სწორ კვებას და ფორმაში ჩადგომას.  ყველაფერი, რაც ამ დროის განმავლობაში დამჭირდება ფორმაში ჩასადგომად, დეტალურად აღიწერება ჩემს ბლოგზე.

ფიტნეს დღიურების ყველა პოსტის ნახვა აქ შეგიძლიათ

როგორც პირველ პოსტში აღვნიშნე, ვარჯიშის ან ნებისმიერი მსგავსი აქტივობის დაწყება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით რთული კი მაშინაა, როცა სრულიად გამოუცდელები ვიწყებთ რაიმე ახალს.

ალბათ ბევრ თქვენგანს დაუწყია ვარჯიში ფიტნეს დარბაზში, სადაც მომსახურებაში შედის ერთდღიანი მწვრთნელის მომსახურება – რაც მოიაზრებს ყველა ტრენაჟორის გაცნობას და ვარჯიშების სწავლებას, ასევე  სავარჯიშო პროგრამის შედგენას.

ჩვენ შეძლებისდაგვარად ვიმახსოვრებთ ყველა ამ ვარჯიშს, ყველა ტრენაჟორს და ვიწყებთ დამოუკიდებელ ვარჯიშს და გვგონია რომ სწორად, ან მიახლოებით მაინც სწორად ვასრულებთ ვარჯიშებს.

სამწუხაროდ, 90% იმ ვარჯიშებისა, რასაც დამოუკიდებლად ვაკეთებთ, სრულდება არასწორად. ვტვირთავთ არასწორ კუნთს, ვვარჯიშობთ არასწორი წონით, არასრულად ვიყენებთ საკუთარ რესურსს, ან პირიქით, ზედმეტად ვტვირთავთ თავს (ეს უკანასკნელი მგონი იშვიათობაა, მაგრამ მაინც)

თუ ამ ეტაპმა გაიარა და ვხვდებით, რომ არაფერი გამოდის და იმ შედეგს ვერ ვიღებთ, რაც გვინდა, შემდეგ დგება მწვრთნელის აყვანის საჭიროება იმისთვის, რომ სწორი რჩევები მოგვცეს, სწორად გვასწავლოს ვარჯიში და რაც ჩემს შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თამაშობს, მოტივაცია მივიღოთ.

არსებობს მწვრთნელების სამი ძირითადი კატეგორია:

  • მკაცრი მწვრთნელი – ამ ტიპის მწვრთნელები ძირითადად მუდმივად უკმაყოფილოა, მიდგომა არის თითქმის მუდამ დაფუძნებული შენიშვნებზე და ხშირად გვესმის „ვერ შეძლებ, ვერ გააკეთებ. ეს ზოგზე, მაგალითად ჩემზე, არ მოქმედებს უარყოფითად, რადგან ყოველთვის მიჩნდება სურვილი, საპირისპიროს დამტკიცების, თუმცა საბოლოოდ, როცა მწვრთნელი შენს შედეგს ვეღარასდროს ამჩნევს და შენიშვნებიც არ წყდება, ძალიან მომაბეზრებელი და საწყენია.
  • ლოიალური მწვრთნელი – ამ ტიპის მწვრთნელებისთვის მთავარია, ფული გადაუხადო და დანარჩენი, რა შედეგს დადებ, იცავ თუ არა კვებას, აკეთებ თუ არა ვარჯიშებს სწორად, სულ ერთია. „კვებას არღვევ? არაუშავს, წადი კარდიო გააკეთე და ცხიმები დაყარე“ ეს მიდგომაც არაა სწორი, რადგან მინიმუმ იმას მაინც უნდა აქცევდე ყურადღებას, შენი მოსწავლე როგორ ვარჯიშობს, რადგან სარბენ ბილიკზე დგომასაც კი თავის წესები აქვს და ხშირად, როცა სარბენ ბილიკზე ცხიმის დასაწვავად გვიშვებენ, სირბილს ვამჯობინებთ, როცა სინამდვილეში სწრაფი ტემპით სიარული გვჭირდება, ამას კი არავინ გვისწორებს.
  • ნამდვილი მწვრთნელი – ამ ტიპის მწვრთნელებისგან გრძნობ რეალურ მხარდაჭერას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ის აკვირდება შენს ვარჯიშს, გეხმარება სწორად შესრულებაში, ხვდება როდის იწურება შენი რესურსი რომ ვარჯიში განაგრძო. ჩემი აზრით, ე.წ „ ნამდვილი მწვრთნელის“ ყველაზე მნიშვნელოვანი დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ ისინი გამოირჩევიან ინდივიდუალური მიდგომებით, რადგან ყველა მოსწავლეზე ერთი და იგივე არც კვება, არც ვარჯიში და არც დამოკიდებულება არ მოქმედებს.
ასევე ნახეთ:  რჩევები ენერგიის მოსამატებლად

ჩემი ვარჯიშის პერიოდებში მწვრთნელებზე დაკვირვება ჰობად მექცა. პირადად მყავდა მწვრთნელის ერთ-ერთი კატეგორია, რაც შეეხება ამჟამინდელ მწვრთნელს – კონსტანტინე კალანდაძეს, თავად გამოიცანით რომელ კატეგორიაში უნდა ჯდებოდეს. ამჟამად 100%-ით დარწმუნებული ვარ რომ ჩემი მწვრთნელი, ნამდვილად მიმაღწევინებს მიზანს, ამას პლუს, ის მხოლოდ კი არ მავარჯიშებს, მასწავლის კიდეც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.