ფიტნეს დღიურები

ფიტნეს დღიური: ფიტნეს შიშები და “როგორ მომატებულხარ”

„უი როგორ მომატებულხარ“

ვინმემ რომ მკითხოს, ყველაზე საშინელი ფრაზის ტიტულს რომელს მიანიჭებდიო, დიახ, ზემოთხსენებული უი როგორ მომატებულხარ იქნებოდა.

მთელი ცხოვრებაა ვიმატებ ვიკლებ და ჩემი წონა მუდმივად მერყეობს. ძალიან გამხდარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ არც ძალიან მსუქანი, თუ ერთ შემთხვევას არ ჩავთვლით, როდესაც გავხდი არც მეტი არც ნაკლები, 92 კგ. ეს იყო ორსულობის დროს და ალბათ იფიქრებთ, რა მოხდა მერე, 20 კილოს 1 კვირაში დააგდებდი ბავშვის გაჩენის შემდეგო, არა, ასე არ მოხდა. დავიკელი სულ რაღაც 6 კგ და ბავშვის დაბადებიდან 4 თვის შემდეგ ჩემი წონა იყო 86 კგ.

ასე გამოვიყურები მაშინ, როცა 86 კგ ვარ:

ერთი პრობლემაა, იყო  60-65 კგდან 86 კგ-მდე მომატებული, მაგრამ იყო ამ ფაქტის გამო შეძრწუნებული და გეშინოდეს იმის, რომ შენს კომფორტულ წონას ვერასდროს დაიბრუნებ – ეს უკვე მეორე და უფრო დიდი პრობლემაა.

შიში #1 ამ დროს იხსენებ ყველა იმ ქალს, რომლებმაც მოიმატეს ბავშვის გაჩენის შემდეგ და ვეღარ დაიკლეს

შიში #2 თუ ადრე ამხელა წონა არასდროს გქონიათ, ფაქტობრივად შეუიარაღებელი ხართ და წარმოდგენა არ გაქვთ, როგორ დაიწყოთ.

შიში #3 კიდევ ერთი ბავშვი რომ მომინდეს მალე? ღირს გახდომა?

პასუხი შიშებს:

#1 ამ დროს უნდა გაიხსენო ყველა ის ქალი, რომლებიც დაუბრუნდნენ ძველ ფორმას და კიდევ უფრო უკეთესები გახდნენ

#2 არაფრით დამოუკიდებლად, შიმშილით, ტანჯვით, 1 კვირაში 10 კილოს დასაკლები დიეტებით არ შეიძლება დაკლება. მიმართეთ პროფესიონალს, დიეტოლოგს, მწვრთნელს, ვინმეს, ოღონდ არა თვითნებურად.

ასევე ნახეთ:  ფიტნეს დღიური: 12 კვირის დასაწყისი

#3 კი, ღირს გახდომა, თუ ზედმეტი კილოგრამები დიდი დისკომფორტია.

86 კგ-დან დავიკელი 60 კგ-მდე, რა თქმა უნდა, არა თვითნებური დიეტებით, არამედ დანიშნული გამოთვლილი კალორაჟით და არანაირი ვარჯიშით.

ცხოვრებაში ხშირად მაქვს ხოლმე ეპიზოდები, როცა ვარჯიშისთვის ან კვებისთვის ვეღარ ვიცლი, რაც უმეტესად ზამთარში ხდება ხოლმე და ამ დროს ყოველთვის ვსუქდები. რა თქმა უნდა ამ დროს ვინმე რომ მხვდება, ყოველთვისაა ფრაზები, უი ისევ მოიმატე?

იცით, ეჭვიც არ მეპარება, 101%ით ვარ დარწმუნებული, რომ როდესაც ახლა დავიკლებ და რაღაც პერიოდი გავა, ისევ მექნება ჩავარდნა და ისევ მოვიმატებ, მაგრამ მე ვიცი სად გადის ჩემი ზღვარი. სადამდე უნდა მივუშვა თავი და რამდენი მოვიმატო რომ ვიტრინებში ჩახედვა საშიში არ იყოს.

86 კილოს შემდეგ მართალია ჩემი წონა ხშირად მერყეობს, მაგრამ საგანგაშო და საშინელი, როგორც მშობიარობის შემდეგ, აღარასდროს ყოფილა.

მთავარი შეკითხვა: „რისთვის ვარჯიშობ, თუ ისევ დარწმუნებული ხარ, რომ მოიმატებ?“

პასუხი: რისთვის ვარჯიშობენ მწვრთნელები, რომლებიც ხანდახან ფორმიდან ვარდებიან? არ არსებობს სხეულის ერთსა და იმავე კონდიციაში იყოს მუდამ.

ხან უკეთესები ვართ, ხან უარესები და ასეა თითოეული ჩვენგანი. რაც მთავარია, თავის ხელში აყვანა და ფორმირება არასდროს არაა შეუძლებელი და გვიანი.

ასე გამოვიყურები ახლა: 65 კგ