ფიტნეს დღიურები

ფიტნეს დღიური: 12 კვირის დასაწყისი

რისი გაკეთება შეიძლება 12 კვირაში?

12 კვირა საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ რამე სასარგებლო, ახალი და საინტერესო ვისწავლოთ, მაგალითად გავიაროთ რაიმე კურსი, თუნდაც ვიმოგზაუროთ, ან ვივარჯიშოთ.

მე ვარ ანა და გადავწყვიტე დღეიდან, მომდევნო 12 კვირა დავუთმო ვარჯიშს სწორ კვებას და ფორმაში ჩადგომას.

ყველაფერი, რაც ამ დროის განმავლობაში დამჭირდება ფორმაში ჩასადგომად, დეტალურად აღიწერება ჩემს ბლოგზე.

ეს არ არის პირველი მცდელობა ვარჯიშის დაწყების, ახლა ზუსტად ის პერიოდია, როცა რამდენიმეთვიანი ვარჯიშის შეწყვეტის შემდეგ ფორმიდან ამოვვარდი და რა თქმა უნდა დავიწყებ ხელახლა.

თავიდან დაწყება იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, რადგან დაკარგული შედეგს მივტირით, გვირჩევნია კიდევ გადავდოთ, კიდევ და საბოლოოდ შესაძლოა, საკმაოდ გაგვიჭირდეს ძველი ფორმების დაბრუნება.

ამჯერად გადავწყვიტე ჩემი ვარჯიშის ყველაზე გადამწყვეტ 12 კვირას პროექტის სახე მივცე და მეტი მასშტაბურობისთვის Fit.Ge-ზე ბლოგის წარმოება გადავწყვიტე.

რატომ მჭირდება ეს ბლოგი?

პირველ რიგში, იმიტომ, რომ ერთად შევკრა ყველაფერი, მთლიანი პროცესი რაც ვარჯიშს თან ახლავს.

გარდა ამისა, როცა ნელ-ნელა გრძნობ, როგორ დგები ფორმაში, როგორ იკლებ პრობლემურ ზონებში, რის ფასად იკლებ, რა მეთოდებით, ვინ გეხმარება ამაში, საწყისი და შუალედური/საბოლოო შედეგების შედარება და გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

რა მიზანი მაქვს?

ამჟამად ჩემი მიზანი 11 კილოს დაკლებაა. ვარ 71კგ, სასურველი წონა კი 60 კილოგრამია. ამას გარდა, სასწორის ციფრების გარდა, მნიშვნელოვანია ვიზუალი და ტონუსში მოყვანილი სხეული.

ასევე ნახეთ:  როგორ დავიკლოთ წონაში წყლის დახმარებით? | წონის კლება და წყალი
ამჟამინდელი წონა: 71კგ
სასურველი წონა: 60კგ

რატომ იქნება მკითხველისთვის საინტერესო ეს ბლოგი?

ხშირად ვეძებთ ხოლმე მოტივაციას სხვებში, რომ რაღაც დავიწყოთ, პირველი ნაბიჯები გადავდგათ და ხშირად ამაში სხვები გვეხმარებიან.

პირადად მე, ინსტაგრამზე შთამბეჭდავი before/after ძალიან მიყვარს და ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემთვის სწორედ სხვისი შედეგებია.

ფორმაში ჩადგომისას ყველაზე რთული კვების სწორად დაცვაა, ამიტომ ვეცდები მაქსიმალურად გავუზიარო მკითხველს ჩემი კვება, რეცეპტები და საკვების გემრიელად მომზადების საიდუმლოებებიც.

რაც შეეხება მკითხველს, ძალიან გამიხარდება თუ ეს ბლოგი და პოსტები ვინმეში მოტივაციას გააჩენს და თუ აქამდე რამე აფერხებდა და მიზეზებს ეძებდა, ამ მიზეზებს გადადებს და ჩემსავით დაიწყებს.

დღეს კი პირველი ვარჯიში მქონდა კონსტანტინე კალანდაძესთან, ჩემს მწვრთნელთან. შემდეგი პოსტის თემაც ის იქნება, თუ რატომ სჯობს ვარჯიშის დაწყება მწვრთნელთან ერთად და როგორ შევარჩიოთ მწვრთნელი, მანამდე კი მისურვეთ წარმატებები!

ჩემი ფეისბუქის გვერდი

ჩემი ინსტაგრამი

გამომყევით სოციალურ ქსელებში და რა თქმა უნდა, თვალი ადევნეთ ჩემს ფიტნეს დღიურებსაც 🙂