ფიტნესი

როდის ჯობს ვარჯიში? | ვარჯიშის დრო

ზოგი ადამიანი რიჟრაჟთან ერთად იღვიძებს და დარბის კიდეც, მაგრამ ზოგს შუადღემდე ვარჯიშზე გაფიქრებაც კი არ შეუძლია. ვარჯიშის დრო და მისი სწორად შერჩევა უფრო ინდივიდუალურია, ვიდრე ფიზიოლოგიური, თუ არ გსიამოვნებთ ვარჯიში, მაშინ შედეგიც ნაკლები გექნებათ.

საღამოს ვარჯიშის უპირატესობები

კვლევები აჩვენებს, ორგანიზმი ეჩვევა რეგულარულ ვარჯიშის რეჟიმს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მუდამ საღამოს 5 საათზე ვარჯიშობთ, მაშინ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს.

როდესაც მოვა მისი დრო, ორგანიზმი ავტომატურად ვარჯიშის რეჟიმზე გადავა.

ვარჯიშის დროსთან საკმაოდ მნიშვნელოვანია სხეულის ტემპერატურა, თუ არ ხართ კარგად გახურებული, კუნთები მყიფეა და იზრდება დაზიანების რისკი.

ორგანიზმის ტემპერატურა ბუნებრივად მატულობს საღამოს საათებში.

გარდა ამისა, საღამოს მატულობს გულისცემის სიხშირე და კლებულობს წნევა.

ეს ყველაფერი განაპირობებს უკეთეს და უფრო უსაფრთხო ვარჯიშს.

კიდევ ერთ ფაქტორი, რომელიც ეფექტურ ვარჯიშს განაპირობებს, ჰორმონებია, ტესტოსტერონი, რომელიც აუცილებელია კუნთების გაზრდისთვის; ის საღამოს ვარჯიშისას უფრო აქტიურად წარმოიქმნება, ვიდრე დილის ვარჯიშისას.

ასევე, კორტიზოლი, რომელიც ცხიმის შენარჩუნებასა და კუნთოვანი მასის შემცირებას იწვევს დღის განმავლობაში, მცირდება, პიკი კი დილით აქვს.

დილით ვარჯიშის პლუსები

დილით ვარჯიში დაგეხმარებათ, პირველ რიგში, გამოფხიზლებაში, რადგან ვარჯიში ამაღლებს გულისცემის სიხშირესა და სხეულის ტემპერატურას.

საღამოს რვა საათის შემდეგ ვარჯიშმა, შესაძლოა, დაძინებას გაგირთულოთ, ხოლო დილით ვარჯიშმა – პირიქით.

კვლევის თანახმად, დილით 45 წუთ მსუბუქად ვარჯიშს, მაგალითად, სწრაფ სიარულს, შეუძლია, საჭმლის მოთხოვნილება შეგიმციროთ.

ასევე, უზმოზე ვარჯიშის შემდეგ 20%-ით მეტი ცხიმი იწვება, ვიდრე ნაჭამზე.

ასევე ნახეთ:  13 რჩევა უფრო ეფექტური კარდიო ვარჯიშისთვის

შეჯამება

ყველაზე მნიშვნელოვანი ვარჯიშის დროს რეჟიმის დაცვაა და არა თავად ვარჯიშის დრო.

თუ დილით უფრო ახერხებთ ვარჯიშს, მაშინ მსუბუქი მოთელვები შეასრულეთ.

ხოლო, როდესაც საღამოს გამოგიჩნდებათ დრო, არ გადადოთ დარბაზში წასვლა, გამოიყენეთ შესაძლებლობა, რომ საფუძვლიანად ივარჯიშოთ.